ათონის ივერთა მონასტერი

 
     





ათონის ივერთა მონასტერი აშენებულია 980-983 წწ. მონასტრის მთავარი შენობის აშენებასა და კეთილმოწყობას ხელი შეუწყო ერთმა გარემოებამ, საბერძნეთის ახალგაზრდა იმპერატორებმა ბასილმა და კონსტანტინემ სთხოვეს დავით კურაპალატს ბარდა სკლიაროსის წინააღმდეგ ბრძოლაში დახმარება. დ.კურაპალატმა 12.000 ქართველთა ჯარი გაუგზავნა დასახმარებლად, რომელსაც ყოფილი მთავარსარდალი და იმჟამად ბერი თორნიკე სარდლობდა. გამარჯვებულმა ქართველებმა დამარცხებული ქვეყნიდან წამოღებული დიდძალი ქონება ნადავლის სახით თორნიკეს მიაკუთვნეს. თორნიკემ კი მთელი ქონება ათონზე წაიღო, რითაც ქართველებისათვის საგანგებო მონასტერი ააშენეს, მშვენიერი, ჰაეროვანი, რომლის მსგავსი იქ არ მოიპოვებოდა. თავისი სიდიდითა და სიმდიდრით, მთელ ათონზე იგი მესამე ადგილზეა.
  ათონის ქართველთა მონასტერს სამი მხრიდან ტყე აკრავს, მეოთხე მხარეს - ფართო სათიბები აქვს. მონასტრის კედლები მარმარილოსია, კანკელი და საკურთხეველი მოოქროვილია. ასევეა წინამძღვრის დასაჯდომი ადგილი. მონასტერს გარედან მაღალი ქვის კედელი აქვს. შიგ კი არის ტაძრები: მიძინების, ღვთისმშობლის, მთავარანგელოზისა, წმ.ნიკოლოზ სასწაულმოქმედისა და 16 სხვა პატარა ეკლესია. 1955 წელს კიდევ იყო ათონის ქართველთა მონასტერში ორი ქართველი ბერი - გაბრიელი და გიორგი. ათონის ივერთა მონასტერი საბერძნეთს არ ემორჩილებოდა. იგი ქართველი მეფეებისა იყო და მათი შეწირულებით არსებობდა. 200-ზე მეტი კომლი გლეხი ჰყავდა შეწირული თავისი უძრავ-მოძრავი ქონებით, რომელიც აღნიშნულია (1874 წლის 28/ IX  №2697) საგარეო  საქმეთა სამინისტროს უწყისში. ქუთაისიდან, ასკანიდან, გორიდან, ცხინვალიდან, დიდ და პატარა საქობოდან, ნუკრიანიდან და სხვ. თავიანთი სახნავ-სათესი მიწებით, ვენახებით, ხილის ბაღებით, წისქვილებით. მარტო სიღნაღში 246 ნაკვეთი ბაღი ჰქონდათ. შემოსავალი განსაზღვრული იყო, როგორც ფულადი რაოდენობით, ისე ნატურით: ღვინო, პური, სიმინდი, ლობიო; თაფლი და სხვ. გარდა ამისა, ათონის მახლობლად ქართველებმა შეიძინეს ადგილები 42 კომლი ქართველისათვის, რომელიც ივერიის მონასტერს და ღვთისმეტყველ სკოლას მოემსახურებოდა. აკადემიკოს კორნელი კეკელიძის თქმით: „ქართველთა შემოქმედებითი ენერგია იმდენად გაიზარდა, რომ ტაო-კლარჯეთის საზღვრებში ვერ დაეტია, გადალახა ეს საზღვრები, გამოვიდა თავის კალაპოტიდან, ფართო ნაკადით გადავიდა მცირე აზიის სხვა პუნქტებში და მერე ათონის ნახევარკუნძულზე შექმნა ჩეენი მწერლობის ახალი ცენტრი - ივერიის მონასტრის სახით. ათონის სამონასტრო და სალიტერატურო წრე თავდაპირველად წარმოადგენდა ვეებერთელა ტაო-კლარჯეთის საეკლესიო ხის ერთ შტოს. ივერიის მონასტერი პირველ ხანებში იკვებებოდა ტაო-კლარჯეთიდან გადმოტანილი ტრადიციებით". ათონის მონასტერი მისი მესვეურების წყალობით, სამწერლობო - სამეცნიერო დაწესებულებებად იქცა. ათონში სამწერლობო მოღვაწეობას დიდი პატივი ედო  და ღვთისმსახურებას სჭარბობდა კიდეც. ათონის წესდებიდანაც ჩანს, თუ რამდენად ხელშემწყობი პირობები იყო ათონში სწავლულთათვის. მხოლოდ სწავლულთ შეეძლოთ ზეთის ყიდვა კანდელის ასანთებად, წასაკითხად და საწერად; მთელი მონასტერი ღამღამობით წყვდიადით იყო მოცული. ღამის მყუდროება და სიჩუმე სუფევდა მონასტერში, მხოლოდ აქა -იქ მკრთალი სინათლეები სენაკებში მოწმობდნენ, რომ ამ მონასტერში ჩუმი, მაგრამ დაუღალავი, თავგანწირული გონებრივი მუშაობა იყო გაჩაღებული; მონასტერში მოღვაწეობდნენ დიდი პატრიოტები, სამშობლოს ღრმა და გულწრფელი სიყვარულით აღფრთოვანებულნი საქართველოს მნათობნი. გამოჩენილი მეცნიერი ბერები. მთელ თავისუფალ დროს კეთილშობილურ სამწერლობო მოღვაწეობას ანდომებდნენ. იჭირვებდნენ, ღამეს ათევდნენ და უმეტესი მათი ნაშრომები ღამით სინათლეზე შეუქმნიათ. ექვთიმე ათონელი ამბობს: დავამთავრე ესე ნუსხა და ვინც წაიკითხოთ მაპატიეთ, წერის ზომისათვის შემინდევით: „უცოლო ვიყავ და უფროისი ღამით მიწერიაო". მონასტერიც განმსჭვალული იყო ამგვარი მისწრაფებით. როცა ათონელი ბერები დარწმუნდნენ, რომ ექვთიმე მამასახლისობისა და სამონასტრო საქმეების გამო წიგნების თარგმნას ვერ ასწრებდა, ბერებმა ურჩიეს, წინამძღვრობისათვის თავი დაენებებინა. წიგნის თარგმნას ათონელ ბერთა შეხედულებით, უფრო მეტი მნიშვნელობა ჰქონდა, ვიდრე მონასტრის გამგეობასა და მამასახლისობას, იმიტომ, რომ მაშინ მთარგმნელობა უფრო საჭირო იყო სამშობლოსათვის. ამ კეთილშობილურ საქმეს სამასი ბერი ემსახურებოდა. მთარგმნელთა შორის იყვნენ გამოჩენილი მოღვაწეები; იოანე გრძელიძე, იოანე - მამა წმ.ექვთიმესი, წმ.არსენი - ნინოწმინდელი ეპისკოპოსი, ღირსი იოანე ხახულელი - ქართველ ოქროპირად წოდებული, ზაქარია მირდათის ძე, არსენი (მხოლოდ არა იყალთოელი და კათალიკოსი, არამედ სხვა კალიპოდან), გიორგი მესვეტე - გიორგი მთაწმინდლის მოძღვარი, ილარიონ დიდი თულალელი - მასწავლებელი და მოძღვარი წმ.ექვთიმესი, წმ.გიორგი მთაწმინდელი, იოანე - ყოფილი პატრიკი, სტეფანე გიორგი ოლთისარი, ბაგრატ მეფის შვილი - ვასილი, იოანე ფილოსოფოსი - ცნობილი პეტრიწონელი, ნეტარი ეფრემ მცირე, ღირსი თეოფილე, არსენ იყალთოელი, იოანე ტარიჭის ძე და სხვები. ათონის ივერთა მონასტერს ჰქონდა უმდიდრესი ბიბლიოთეკა. მასში მრავალი ათეული ათასი წიგნი და ხელნაწერი იყო. ათონის ივერთა მონასტერი წარმოადგენდა არა ფანატიკოს ბერთა საკრებულოს, არამედ ფეოდალური ეპოქის უდიდეს სამეცნიერო-კულტურულ ცენტრს, რომლის მთავარი საქმიანობა იყო ბერძნულ-ქართული საურთიერთო თარგმანები და ორიგინალური ნაწარმოებების შექმნა და გადაწერა. აკად. სიმონ ყაუხჩიშვილი წერილში "ივერთა მონასტერი და ათონის მთის ქართველთა როლი", რომელიც 1969 წ. №3 ცისკარში გამოქვეყნდა, ფრიად საინტერესო ცნობას გვაწვდის ათონელთა შესახებ. ცნობილმა მეცნიერმა, საერთაშორისო მასშტაბის ბიზანტიოლოგიური ორგანოს ფრანგული "ბიზანსიონის" რედაქტორმა, (რომელიც დღიდან მისი დაარსებისა, 1925 წ. ვიდრე 1964 წ. გარდაცვალებამდე რედაქტორობდა ორგანოს) - ანრი გრეგუარმა 1963 წელს ბერძნულ ჟურნალში "ბიზანტინოლოგიური საზოგადოების წელიწდეული" მოათავსა ნარკვევი, რომელიც ეხება "ბალავარიანის" წარმომავლობას და დაბეჯითებით და დიდის მხურვალებით, სათანადო საბუთების მოტანით, ამტკიცებს, რომ ბერძნული „ბალავარიანის" ავტორი არის ექვთიმე მთაწმინდელი. საყურადღებოა, რომ ანრი გრეგუარი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ივერთა მონასტერს ათონზე, რომელსაც ბერძნული „ბალავარიანის" სხვა ენებზე, კერძოდ, ლათინურ ენაზე გადათარგმნის საქმეში  დიდი როლი მიეკუთვნება. უკანასკნელ მოვიხსენიებთ იმასაც, რომ ანრი გრეგუარის აზრით, "ბალავარიანი" მსოფლიო მნიშვნელობის ნაწარმოებია და იგი ღირსია ნობელის პრემიისა. მრავალი ასეთი ნაწარმოები დაწერილა და თარგმნილა ათონის ივერთა მონასტერში, სადაც ამ კეთილშობილ საქმეს 300 - ზე მეტი ბერი ემსახურებოდა.


წყარო:  ბორის კანდელაკი (საქ. კულტურის ძეგლთა დაცვის საზოგადოების კალინინის რაისაბჭოს პრეზიდიუმის წევრი) - ათონის ივერთა მონასტერი // ძეგლის მეგობარი, 1970, კრ. 22, გვ. 53 – 60

1 comment: