წმინდა ათონი (ბერძნულად „აგიონ ოროს“, რაც წმინდა მთას ნიშნავს) აღმოსავლეთ საბერძნეთში, ქალკედონიის ნახევარკუნძულის აღმოსავლეთ შვერილს წარმოადგენს, რომელიც ღრმად არის შეჭრილი ეგეოსის ზღვის ზურმუხტისფერ წყლებში. მთის სიგრძე დაახლოებით 80 კმ, ხოლო სიგანე 12 კმ-მდეა. სიმაღლე კი 2033 მ-ია ზღვის დონიდან. მიუხედავად იმისა, რომ ათონი ნახევარკუნძულია, იქამდე მიღწევა მხოლოდ ზღვით, ან საჰაერო გზით არის შესაძლებელი (ვერტმფრენით).
ათონი, როგორც ბერმონაზვნური ქვეყანა, როგორც ჩანს, VII-VIII საუკუნეებიდან არსებობს. მისი წარმოშობა, შესაძლოა, დაკავშირებულია მუსულმანთა მიერ ეგვიპტის, პალესტინისა და სირიის დაპყრობასთან, ასევე ამ ქვეყნებში მონოფიზიტური ერესისგავრცელებასთან. აღმოსავლეთის დაკარგვის შემდეგ მართლმადიდებლური მონაზვნობის ცენტრი გადატანილი იქნა ათონზე, თუმცა ამ პროცესის დამთავრებამ შედარებით დიდი დრო მოიცვა. IX საუკუნეში მოჩანს მხოლოდ პირველი ელემენტები ათონზე ორგანიზებული მონაზვნური საცხოვრებლებისა, რომელთაც ცენტრალური მმართველობის მცირე სავანეების სახე ჰქონდათ. პირველი დიდი მონასტერი, წმ.ათანასეს ლავრა აქ 963 წ. დაარსდა.
. X-XI საუკუნეებში ათონი უკვე კარგად იყო ორგანიზებული. აქ იყო: სხვადასხვა ტიპის მონასტრები, ცენტრალური ადმინისტრაცია, განსხვავებული ეროვნების ბერები, რომელთაგან, პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს ბერძნები, შემდეგ – ქართველები, ბულგარელები, რუსები და სერბები. ლათინებსაც კი ჰქონდათ წმ.მარიამ ამალთიელის სახელობის მონასტერი, რომელიც, მართალია, ლათინურიტიპიკონისა იყო, მაგრამ კონსტანტინეპოლელი პატრიარქის იურისდიქციის ქვეშ იმყოფებოდა მას შემდეგაც, რაც დასავლეთი აღმოსავლეთის ეკლესიას გამოეყო.
ეს პერიოდი, რომელიც ქრონოლოგიურად ლათინების აღმოსავლეთზე თავდასხმამდე, ანუ ე.წ. მეოთხე ჯვაროსნულ ლაშქრობამდე, ლათინთა მიერ კონსტანტინეპოლის დაპყრობამდე (1204 წ.) და თესალონიკში ლათინური სამეფოს დაარსებამდე გრძელდებოდა, შეიძლება განვიხილოთ, როგორც ერთ-ერთი ყველაზე მეტად აყვავებული ხანა ათონის მონაზვნობის ისტორიაში. წმიდა მთის ტერიტორიაზე 200-ზე მეტი მონასტერი იყო მიმოფანტული. მონაზვნური დასახლებები, როგორც ჩანს, ამ დროს ყველაზე მეტი იყო სხვა პერიოდთან შედარებით. ზოგიერთი ისტორიკოსის თქმით ათონზე 50000 ბერი ცხოვრობდა, თუმცა ეს რიცხვი მეტად გაზვიადებულია. უფრო სავარაუდოა – 15000 ბერი. ამ მონაკვეთის სულიერ ყოფას უდიდესი პიროვნება, წმ. ათანასე ტრაპიზონელი განსაზღვრავდა (გარდ. დაახლ. 1000წ.). საერთო მონაზვნური ცხოვრების ბრძენი ორგანიზატორი და შესანიშნავი სულიერი წინამძღვარი ათანასე ძალიან განათლებული ადამიანი იყო. მან თავისი სიწმინდითა და სიბრძნით ათონზე მოიზიდა მონაზვნები ქრისტიანული სამყაროს ყველა მხრიდან. წმ. ათანასეს განსაკუთრებით მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდა ქართველებთან (რაც შეიძლება იმით აიხსნას, რომ მისი დედა იყო ქართველი) დალათინებთან. მისი მხარდაჭერით წმიდა მთაზე ივერიული (ქართული) და ლათინური მონასტრები დაარსდა. ივერთა მონასტერი მოკლე ხანში ქართული კულტურის მნიშვნელოვან ცენტრად გადაიქცა, სადაც მრავალი წიგნი ითარგმნა ქართულ ენაზე.
სულიერი თვალთახედვით, XIII-XV საუკუნეები – საუკეთესო პერიოდია ათონის ისტორიაში, თუმცა გარეგნულად ის სავსე იყო სხვადასხვა უბედურებებით. XIII ს-ში აქ ადგილი ჰქონდა ლათინელ ჯვაროსანთა თავდასხმებსა და ყაჩაღობებს. დამპყრობლებმა ათონის საზღვრებზე განსაკუთრებული ციხე-სიმაგრეც კი აღმართეს, ე.წ. "ფრანკო-კასტრო" რათა უფრო მოხერხებულად გაექურდათ წმ. მთა. კიდევ მეტად საშინელი იყო კატალონელ ჯარისკაცთა თავდასხმები XIV ს-ის დასაწყისში, როცა ათონის უამრავი მონასტერი დაწვეს ბერებთან ერთად. ამავე საუკუნის დასასრულს ხდებოდა თურქების ყაჩაღური თავდასხმებიც. ადგილი ჰქონდა დევნას უნიატელი იმპერატორის მიქაელ VIII-სმხრიდან, რომელიც ძალისმიერი მეთოდებით ცდილობდა რომთან უნიის დადებას. ყველა ამ უბედურებას ბუნებრივ შედეგად მოჰყვა ანტირომაული განწყობილების განვითარება და განმტკიცება, რაც მას შემდეგ ძალიან დამახასიათებელი ნიშან-თვისებაა ათონელ ბერებში. თუმცა სულიერად ათონის მთა ამ მძიმე განსაცდელების ჟამს აყვავდა და მართლმადიდებელი ეკლესიის ისტორიაში "ისიხაზმის" სახელწოდებით ცნობილი ერთ-ერთი უდიდესი მისტიკური მოძრაობის ცენტრი გახდა.აღნიშნული სახელწოდება მოდის სიტყვიდან "ისიხია", რომელიც სიტყვასიტყვით "სიმშვიდეს" ნიშნავს. ეს სიტყვა გამოხატავს მისტიკური სიმშვიდის მდგომარეობას, როდესაც ადამიანი თავისუფლდება წარმოსახვის ზემოქმედებისა და გონებაგაფანტულობისაგან და ლოცვით მთლიანად გადაერთვება შინაგან ადამიანზე, რაც ხელს უწყობს ღმერთთან უფრო მჭიდრო კავშირსა და სულიწმიდის მადლის შეთვისებას.
XIV საუკუნე ნამდვილად ძალიან საინტერესო ხანაა ათონის სულიერ ისტორიაში. სამწუხაროდ ის დიდხანს არ გაგრძელებულა.
თურქთა ბატონობის პირველ პერიოდში წმიდა მთა არ გამოირჩეოდა დიდი სულიერები მოღვაწეობით, თუმცა მისი სიწმინდე განაგრძობდა აყვავებას. და მრავალი წმინდანიც გვყავს ამ დროის: ღირსი ნილოსი (XVII ს.), ღირსი იეროთეოსი(XVII ს.), ღირსი აკაკი (XVIII ს.) და სხვ. მაგრამ ჩვენ ცოტა რამ თუ ვიცით მათ შესახებ, რადგან მათ არ გამოუჩნდათ ისეთი ბრწყინვალე ბიოგრაფები, როგორებიც ჰყავდათ მათ წინამორბედებს ისიხასტურ პერიოდში. თურქთა ბატონობის დროინდელ ათონთან დაკავშირებულ წმინდანთა ახალი ტიპი გახლავთ ახალმოწამეები. ისინი იყვნენ წმ. სარწმუნოების აღმსარებლობისათვის თურქთაგან წამებული ქრისტიანები, რომელთა მნიშვნელოვან ნაწილს ათონელი ბერები შეადგენდნენ. მათ შორის იყვნენ ის ქრისტიანებიც, რომლებსაც ბერებმა მოწამეობისაკენ მოუწოდეს. ათონელი ბერები ასწავლიდნენ, რომ სარწმუნოების უარმყოფი გამუსულმანებული (რაც არცთუ იშვიათად ხდებოდა დევნისას) ქრისტიანი ხშირი სინანულითაც ვერ იხსნიდა სულს განდგომილებაში. მას ცხადად უნდა ეღიარებინა ქრისტიანული სარწმუნოება თურქების წინაშე. ისლამის ამგვარი უარყოფა მაჰმადიანთა მიერ თურქული კანონებით მკაცრად ისჯებოდა: პირს, რომელიც ასე მოიქცეოდა, სასტიკად კლავდნენ.წმ. მთის სწავლებამ განცხადებული აღმსარებლობის აუცილებლობის შესახებ მრავალი მოწამე დაბადა. ზოგი ამ სწავლებას ადამიანური ბუნებისგან ძალზედ ბევრის მოთხოვნაში დებდა ბრალს, ბევრი კი მას საქმით ახორციელებდა. ათონელი ბერების მხრიდან ეს იყო გამოხატულება რწმენის ერთგულებისა და იმ სერიოზულობისა, რომლითაც ისინი უდგებოდნენ სულის ცხონების საკითხს.
ისტორიის განმავლობაში ათონი არასდროს ყოფილა და არც შეიძლება იყოს მხოლოდ ერთი ერის საკუთრება. ის ყოველთვის იყო ხელმისაწვდომი ყველა ეროვნების მართლმადიდებელთათვის, როგორც მონაზვნობის მსოფლიო მართლმადიდებლური ცენტრი. აქ ჩვენ შეგვიძლია გავიხსენოთ წარსულში ქართველების უდიდესი როლიათონზე, ისევე როგორც სერბებისა თავიანთი ისტორიული ჰილანდარის მონასტრითXIII-XVI სს-ში და რუსებისა XIX ს-ში. თითოეულმა ამ ერმა დიდი სულიერი დაკულტურული წვლილი შეიტანა ათონის აყვავებაში და იმავდროულად არ წაურთმევია მისთვის უპირატესი ბერძნული ხასიათი. მხოლოდ ერთი ერით შემოფარგლულიათონი დაკარგავდა თავის მსოფლიო მართლმადიდებლური ცენტრის მნიშვნელობას და მალე დაკნინდებოდა. ათონზე მოსახლეთა შემცირების იგივე პროცესი, სინამდვილეში ბერძნულ მონასტრებშიც მიმდინარეობდა, თუმცა უფრო ნელი ტემპით. დღევანდელ დღეს ათონზე მოღვაწე პიროვნებების რაოდენობა არ არის საკმარისი. ამის გარდა ბოლო წლებში შეიმჩნევა ბერების საკმაო რაოდენობა, რომლებსაც სურთ წავიდნენ ერში საეკლესიო საქმიანობისათვის. რა არის ამ სამწუხარო მოვლენის მიზეზი, რომელსაც წარსულში არ უარსებია? უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს სულიერი ცხოვრების საერთო დასუსტება და მორწმუნეების მიდრეკილება უფრო მეტად მისიონერული ღვაწლისკენ, ვიდრე მჭვრეტელობითი ცხოვრებისაკენ. ათონის სამონასტრო ტიპიკონის ასკეტურ სიმკაცრეს რთულად ეგუებიან თანამედროვე ადამიანები, განსაკუთრებით კი ისინი, ვინც გათამამებულია თანამედროვე კომფორტით...
ათონს უცვლელად უჭირავს თავისი ადგილი მართლმადიდებელი ეკლესიის სულიერ ცხოვრებაში. ის ერთადერთია, სადაც აღმოსავლეთის უძველესი მონაზვნური გადმოცემა ჩვენს დრომდე მოყოლებული ჯერ კიდევ წარმოადგენს ცოცხალ ადამიანურ სინამდვილეს. აქ ის ბატონობს უცვლელად და თავის განსაკუთრებულ დაღს ასვამს ამ მხარეს. ის არის ერთადერთი ადგილი, სადაც სრული საეკლესიო წლის განმავლობაში ტარდება ბიზანტიური ღვთისმსახურება მთელი მისი სიმდიდრითა და სილამაზით. სამრევლო ეკლესიებში და ათონის გარეთ არსებულ მონასტრებშიც კი ჩვენ შეგვიძლია, ჩვეულებრივ, სრული მართლმადიდებლური ღვთისმსახურების მხოლოდ ფრაგმენტების ხილვა.
No comments:
Post a Comment